პედიატრიული პრივატ კლინიკა გრიპის ვირუსით შესული პაციენტების სიმრავლის გამო, თითქმის შევსებულია
პედიატრიული პრივატ კლინიკა გრიპის ვირუსით შესული პაციენტების სიმრავლის გამო, თითქმის შევსებულია

პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გრიპით და გრიპის მსგავსი დაავადებების სიმპტომებით კლინიკაში შესული პაციენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.

როგორც ეკატერინე ჩხარტიშვილი პირველ არხთან ამბობს, კლინიკა შევსებულია და პაციენტების მიღებისას პრიორიტეტი იმას ენიჭება, ვისი მდგომარეობაც მძიმეა.

„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უმეტესობას უტარდება პირველადი დახმარება და მდგომარეობის გაუმჯობესებისას ეწერებიან ბინაზე. პაციენტების დაახლოებით 4-5% საჭიროებს ჰოსპიტალში მკურნალობის გაგრძელებას. თითქმის სრულად არის დაკავებული კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად ვდგავართ ჩვენი პაციენტების სამსახურში. პაციენტების მიღება ხდება ტრიაჟის პრინციპით – გადაუდებელი პაციენტების მომსახურება ხდება დაუყოვნებლივ. პაციენტები, ვისი დაყოვნებაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ყოვნდებიან და მათ ყველას ეწევა სამედიცინო მომსახურება“,-აცხადებს ეკატერინე ჩხარტიშვილი.

ექიმის რეკომენდაციით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ პაციენტებთან, დაიცვას ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაიბანოს ხელები და გაიკეთოს აცრა.