პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტები ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ იუწყებიან — #1tvმეცნიერება
პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტები ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ იუწყებიან — #1tvმეცნიერება

ქალი, რომელსაც COVID-19-ის მიერ დატოვებული სიმპტომები აწუხებდა, ამბობს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 36 საათის შემდეგ, ეს სიმპტომები უკვალოდ გაქრა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

34 წლის არიანა აიზენბერგი ამბობს, რომ COVID-19-ის გადატანიდან რვა თვის შემდეგაც ტანჯავდა კუნთების ტკივილი, უძილობა, დაღლილობა და მეხსიერების პრობლემები. ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია ე. წ. ხანგრძლივი კოვიდისთვის.

თუმცა, როგორც მან The Washington Post-ს განუცხადა, COVID-19-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 36 საათის შემდეგ, ყველა ეს სიმპტომი გაქრა.

აიზენბერგის მსგავს ამბებს აღწერენ სხვა პაციენტებიც.

Philadelphia Inquirer-ი და the Huffington Post-ი ასევე წერენ ადამიანებზე, რომელთა ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომებიც ვაქცინაციის შემდეგ გაუმჯობესდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი დანიელ გრიფითი გამოცემა The Verge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების თითქმის მესამედი ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ იუწყება.

სამეცნიერო ჟურნალისტმა გეც მედინგერმა, რომელიც ხანგრძლივი კოვიდის თემებს აშუქებს, YouTube ვიდეოში გვიჩვენებს ამ თემატიკის Facebook ჯგუფებში გამოკითხული 473 ხანგრძლივი კოვიდის პაციენტის შედეგებს; მათი თითქმის მესამედი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ სიმპტომები გაუუმჯობესდა.

ბრისტოლის უნივერსიტეტის ერთმა პატარა კვლევამ, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, COVID-19 ხანგრძლივი სიმპტომების მქონე პაციენტთა ვაქცინაცია შეისწავლა.

მეცნიერებმა 44 ასეთი პაციენტი აცრეს და მათი რეაქცია ხანგრძლივი კოვიდის მქონე არავაქცინირებული პაციენტებისას შეადარეს.

როგორც მკვლევრები იუწყებიან, ვაქცინიერებულებს „ხანგრძლივი კოვიდის მცირე ზოგადი გაუმჯობესება“ აღენიშნათ.

თუმცა, მკვლევრები იქვე მიუთითებენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება პლაცებოს ეფექტი იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხოლოდ ერთია ხანგრძლივი კოვიდის შესახებ გავრცელებული უცნაური ამბების სერიიდან.

3 მარტს, Kaiser Health News-ი იუწყებოდა, რომ გასულ თვეში COVID-19-ის გადატანის შემდეგ, 15 წლის მოცეკვავეს განუვითარდა ფილტვების დაავადება COPD, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებში გვხვდება.

მეცნიერები ასევე ვერ ხსნიან, რატომ არის ხანგრძლივი კოვიდის პაციენტთა უმეტესობა ქალი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ქალებს უფრო ძლიერი იმუნური პასუხი უვითარდებათ, ვიდრე კაცებს.

ხანგრძლივი კოვიდის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის კონგრესმა ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს ამის შესასწავლად ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო.