პორტუგალიის სასაფლაოებზე ცხედრები თავისით მუმიფიცირდება — მეცნიერები მიზეზს ჯერ ვერ ადგენენ #1tvმეცნიერება
პორტუგალიის სასაფლაოებზე ცხედრები თავისით მუმიფიცირდება — მეცნიერები მიზეზს ჯერ ვერ ადგენენ #1tvმეცნიერება

უცნაურია, მაგრამ პორტუგალიაში, ადამიანის ცხედრების გარკვეული ნაწილი დაკრძალვის შემდეგ არ იხრწნება, რაც სერიოზული კრიზისის საფუძველი გახდა. აღმოჩნდა, რომ დამარხვის შემდეგ ნეშტები მუმიფიცირდება.

ადგილის დაზოგვის შესახებ ადგილობრივი კანონის მიხედვით, საჭიროა საფლავებიდან გვამების რეგულარულად ამოღება და ჩონჩხის ნარჩენების უფრო მცირე კონტეინერებში მოთავსება.

თუმცა, მრავალი ნეშტი არ იხრწნება, რაც დიდ ტრავმას იწვევს მათ ოჯახებში — წარმოიდგინეთ, საყვარელ ადამიანთა სხეულებს საფლავიდან მრავალჯერ იღებენ და უკან აბრუნებენ, რათა ისინი ბოლომდე გაიხრწნას.

ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში არავინ იცის, რა ემართება კუბოებში დამარხულ სხეულებს.

უცნაური მუმიფიკაციის გამომწვევი მიზეზის გარკვევაზე პორტუგალიელი მეცნიერები უკვე მუშაობენ.

საფლავების გადამუშავება გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად

ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, პორტუგალია ვიწრო ურბანული სასაფლაოების სერიოზული გადატვირთულობის წინაშე აღმოჩნდა და დროებითი საფლავების კონცეფცია შემოიღო.

იდეა მარტივია: დაშლილი სხეული ნაკლებ ადგილს იკავებს. ძვლების ჩაწყობა უფრო პატარა კუბოშია შესაძლებელი, რომელსაც შემდეგ უფრო ნაკლებად მოცულობით საბოლოო განსასვენებელ ადგილას ათავსებენ, მაგალითად, სასაფლაოს კედლებში სპეციალურად გაკეთებულ უჯრებში.

„ქალაქებში არ გვაქვს ახალი სასაფლაოების გახსნის ან უკვე არსებულების გადიდების ადგილი“, — ამბობს კოიმბრას უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო ანთროპოლოგი ანჟელა სილვა ბესა, რომელიც პორტუგალიის სასაფლაოებს სწავლობს.

სხეულები, რომლებიც არ იხრწნება

დამარხვიდან სამი წლის შემდეგ, გარდაცვლილთა ოჯახები ხშირად იღებენ წერილს, რომელიც მათ აფრთხილებს, რომ ნეშტი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ.

კანონის მიხედვით, სხეულის გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ის ისეა დაშლილი, რომ დარჩენილია მხოლოდ ჩონჩხი, რბილი ქსოვილების გარეშე.

ამის შესამოწმებლად, საფლავი უნდა გაითხაროს. თუ გვამი საკმარისად გახრწნილი არ არის, მას კვლავ მარხავენ და ეს პროცესი ყოველ ორ წელიწადში მეორდება, იქამდე, ვიდრე ის მთლიანად არ გაიხრწნება.

პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქის, პორტუს სასაფლაოების კვლევამ აჩვენა, რომ 2006-2015 წლებში, ნეშტების დაახლოებით 55-64 პროცენტი პირველი ექსჰუმაციის შემდეგ სრულად გახრწნილი არ იყო.

პაულუ კარეირა, სასაფლაოს მფლობელი და პორტუგალიის სასაფლაოების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ ჯერზე ასეთ მოვლენას ოჯახები საკმაოდ ნორმალურად ხვდებიან.

თუმცა, მიცვალებულის სხეულის განმეორებითი ამოთხრები შეიძლება ემოციურად საკმაოდ საზიანო იყოს.

კარეირას განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, სხეულის ამოთხრა და ხელახლა დამარხვა ათეულობით წელიწადს გრძელდება, ვიდრე ის საბოლოო განსასვენებელს მიაღწევს.

ამ ნეშტების გარკვეული ნაწილისთვის ეს პროცესი ფაქტობრივად დაუსრულებლად გრძელდება, რადგან ისინი უკვე მუმიფიცირებულია.

ეგვიპტური მუმიებისგან განსხვავებით, რომლებსაც ასე მიზანმიმართულად ამუშავებდნენ, პორტუგალიაში ეს თავისით ხდება. ბუნებრივი მუმიფიცირება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც სხეული იმდენად სწრაფად შრება, რომ ხრწნა უბრალოდ ჩერდება. ასეთი პროცესი შემჩნეულია უდაბნოების ან მყინვარების მსგავს გარემოში, ძლიერ სიცხეში ან სიცივეში.

თუმცა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის დადგენა, რატომ ხდება ამდენი შემთხვევა პორტუგალიის სასაფლაოებზე.

მიზეზის ძიება

სილვა ბესა და მისი კოლეგები სწავლობდნენ, რა შეიძლება ანელებდეს პორტუგალიაში გვამების ხრწნას. ეს კვლევა პირველი იყო ამ მიმართულებით.

ოჯახების თანხმობით, მან გვამებისა და მათ გარშემო მიწის ნიმუშები შეაგროვა ხუთი სასაფლაოდან.

„გასაოცარია, რომ სასაფლაოს ერთსა და იმავე მონაკვეთში ხრწნის სხვადასხვა ეტაპები ფიქსირდება“, — ამბობს სილვა ბესა.

მისი თქმით, ზოგიერთი სხეული სრულად გაჩონჩხებულია, ზოგი ჯერ კიდევ იხრწნება, ზოგიერთი კი თავიდან ფეხებამდე მუმიფიცირდება.

„ერთ სხეულზეც კი შეიძლება ნახოთ, რომ სხეული გაჩონჩხებულია, მენჯის არე ხრწნაშია, ხელები კი მუმიფიცირებული. თითქმის ყველაფერს შეიძლება წააწყდეთ“, — ამბობს მკვლევარი.

სილვა ბესამ შეამოწმა ნიადაგის რვა მახასიათებელი, რომლებიც შეიძლება ხრწნაზე ახდენდეს გავლენას; მათ შორის არის ტემპერატურა, მჟავიანობა, ტენიანობა, სიმკვრივე, მძიმე ლითონებით დაბინძურება და ორგანული მასალა.

ჯერჯერობით მან რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაგნო.

„გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მაინც ვიპოვიდი კავშირს ნიადაგის თვისებებსა და სხეულის შემადგენლობის მდგომარეობას შორის, მაგრამ ეს ვერ შევძელი“, — ამბობს იგი.

მისი შემდეგი ნაბიჯი იმის შემოწმება იქნება, შეიძლება თუ არა, ამაზე გავლენას ახდენდეს ის ნივთიერებები, რასაც ადამიანები სიცოცხლეში მოიხმარდნენ, მაგალითად, ეწეოდნენ ან იღებდნენ თუ არა გარკვეულ მედიკამენტებს.

სხეულების ხრწნის ამბავი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო მეცნიერებათა ლექტორი ტრისტან კრაპი ამბობს, რომ მას სულაც არ უკვირს, რომ გვამები სამ წელიწადში სრულად არ იხრწნება.

მისი განცხადებით, „ნორმალურ სხეულს“ საფლავში გახრწნისთვის ხუთი წელიწადი სჭირდება, თუმცა აღიარებს, რომ ეს ძირითადად ვარაუდია.

კრაპი და მისი კოლეგა მეცნიერები ხრწნის შესასწავლად შემოწირულ ორგანოებს იყენებენ.

თუმცა, ამ შემთხვევაში ძირითადად იმაზე არიან ფოკუსირებული, რა ემართება ცხედარს მიწის მაღლა, რაც გამოსადეგია მკვლელობის მსგავს შემთხვევათა გამოსაძიებლად, მაგრამ ნაკლებად არის გამოსადეგი ჩვეულებრივი საფლავების ამბის შესასწავლად.

გაცილებით ნაკლები კვლევა ჩატარებული იმის შესახებ, რა ემართება სხეულს საფლავში დამარხვის შემდეგ, რაც ალბათ უფრო კომპლექსურია.

სხეული „უზარმაზარი ბიოლოგიური ბომბის“ მსგავსია, რომელსაც ნიადაგში შეაქვს ბაქტერიები, ქსოვილები და სხვადასხვა სახის წვენი, რასაც თავის მხრივ აქვს კომპლექსური ეკოსისტემა.

კრაპის თქმით, ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს სხვადასხვაობები ადამიანთა სხეულებს შორის, მაგალითად, საერთო ზომა, კუნთოვანი მასა და ცხიმის დონე.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.