პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პორტუგალია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციას
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პორტუგალია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციას

პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციას, – ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას პორტუგალიური „პაიშ აო მინუტო“ ავრცელებს.

შეხვედრის დრო პორტუგალიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„მინდა, დავადასტურო პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, უცვლელად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა აუგუშტუ სანტუშ სილვამ.

როგორც პორტუგალიური მედია წერს, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და პორტუგალიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„პორტუგალია და საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებია. ორივეს აქვს ულამაზესი ბუნება, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა და ჰყავს უნიჭიერესი ხალხი, ამიტომ ახლა ჩვენ უფრო მეტად ვითანამშრომლებთ. ჩავატარებთ მეტ ტრენინგს და ერთად ვიმუშავებთ ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა აუგუშტუ ​სანტუშ სილვამ.

საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს.