პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანტონიუ კოშტამ მას შემდეგ დაწერა განცხადება, რაც მის ოფიციალურ რეზიდენციაში პოლიცია მივიდა და პორტუგალიის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი.

სატელევიზიო მიმართვისას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კოშტას თქმით, მას არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო ქმედებებთან.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კორუფციის ბრალდება და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება არ აძლევს მას უფლებას, დარჩეს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.

კოშტას გადადგომის შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტი ან ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ან მთავრობის მეთაურის პოსტზე მმართველი პარტიიდან სხვა კანდიდატს წარადგენს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ლითიუმის საბადოსა და მწვანე წყალბადის მეგაპროექტს უკავშირდება, კერძოდ, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მხარს უჭერდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ლითიუმის მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ლითიუმი უხარისხოა და მისი მოპოვება გარემოს შეუქმნიდა საფრთხეს.

გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია პორტუგალიის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსი. ბრალი ასევე წარუდგინეს პორტუგალიის ინფრასტრუქტურის მინისტრს და გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსს.