პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.

როგორც „როიტერი“ წერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება 20:00 საათისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას წინ უძღოდა სკანდალი პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგრუს ოჯახის გამდიდრებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა საკონსულტაციო ფირმას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნოდა. მან ხელშეკრულებები გააფორმა კერძო კომპანიებთან, რამაც, ოპოზიციის განცხადებით, მონტენეგრუს გამდიდრება გამოიწვია.

თავად პრემიერი უარყოფს რაიმე ინტერესთა კონფლიქტს. საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმი თავად პრემიერმა წამოაყენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თავისი ოჯახის ბიზნესის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნას.

ამომრჩეველთა აქტივობა პორტუგალიაში, ჩვეულებრივ, დაბალია და ზოგიერთმა პოლიტოლოგმა შეშფოთება გამოთქვა, რომ წელს ის შეიძლება კიდევ უფრო დაბალი იყოს.