პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდე გახანგრძლივდა
პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდე გახანგრძლივდა

პორტუგალიის პარლამენტმა საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდე გაახანგრძლივა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, ქვეყანაში არა ცუდი, არამედ საშინელი ვითარებაა შექმნილი. მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

ბოლო დღე-ღამეში პორტუგალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 303 ინფიცირებული. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 16 432 ადამიანს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების მიზეზად საშობაოდ და საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქება დაასახელა.

„იყო აშკარა შეცდომები. ხშირად ეს იყო ის, თუ როგორ გადავცემდი მე გზავნილს პორტუგალიელებს. როდესაც გზავნილის ადრესატი ვერ იგებს გზავნილს, მაშინ ეს მაცნეს ბრალია“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.