პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანზე ბრუნდება
პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანზე ბრუნდება

პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სერიალის გმირები სპეციალური სატელევიზიო პროექტის სახით „ეიჩ ბი ოუ მაქსის“ ეთერში გამოჩნდებიან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პროექტს სერიალის ფორმატი ექნება, თუ ფილმის. უცნობია მისი გამოსვლის ზუსტი თარიღიც.

სპეციალურ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას სერიალის ექვსივე მთავარი გმირი მიიღებს. ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიკა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, დევიდ შვიმერმა და მეთ ლიბლანკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე განაცხადეს.

სერიალ „მეგობრების“ პირველი სეზონი ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე იღებდნენ. ის მალევე გახდა საკულტო შოუ. ფინალურ ეპიზოდს ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. „მეგობრები“ პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

2018 წელს სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საყვარელ შოუებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.