პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბელარუსიდან მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ
პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც ბელარუსიდან მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ედებათ ბრალი.
მედიის ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრს ბელარუსიდან პოლონეთში მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ და გერმანიაში გამგზავრებაში ეხმარებოდნენ.
პროკურატურის პრესსპიკერის, არტურ შიკულას განცხადებით, დაკავებულების უმრავლესობამ სავარაუდო დანაშაული აღიარა. ოთხ ეჭვმიტანილთან დაკავშირებით პროკურორმა სასამართლოს დროებითი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. დარჩენილ პირებზე პრევენციული ღონისძიებები პოლიციის ზედამხედველობისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის სახით იქნა გამოყენებული.
ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ჯგუფის წევრები პოდლასკის სავოევოდოში, ვარშავაში, ლოძში, ვროცლავსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში აქტიურობდნენ. ჩხრეკის დროს დაკავებულებს 475 000 ევრო და 30 000 დოლარი აღმოაჩნდათ. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, ასევე დაკავებული არიან პოლონეთის, უკრაინისა და ტუნისის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედებებში „ევროპოლიც“ იღებდა მონაწილეობას.