პოლონური მედია - პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვას თუ გააგრძელებს, ევროკომისია ამას კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლის და შესაძლოა, პოლონეთს ჯარიმები დაეკისროს
პოლონური მედია - პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვას თუ გააგრძელებს, ევროკომისია ამას კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლის და შესაძლოა, პოლონეთს ჯარიმები დაეკისროს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი გააგრძელებს მარცვლეულზე ემბარგოს დაწესებას, მაშინ ევროკომისია ამ ქმედებას ევროპული კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლის, რისთვისაც პოლონეთს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს.

პოლონური მედია წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებმა 15 სექტემბრის შემდეგ, შესაძლოა, უარი თქვან ემბარგოს მხარდაჭერაზე. წყაროები აცხადებენ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შესაძლოა, არ წავიდეს რუმინეთი, მაგრამ იმავე გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ ბულგარეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს.

შეგახსენებთ, პოლონეთი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირის დონეზე შეზღუდვები არ გაგრძელდება, მათი მხრიდან ცალმხრივი აკრძალვა დაწესდება უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე და იმედოვნებს, რომ ამ საკითხში მოკავშირეების მოძებნას შეძლებენ. თავის მხრივ, უკრაინა ინარჩუნებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა გააუქმოს ცალმხრივი შეზღუდვები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე და მიიჩნევს, რომ ბრიუსელსა და პოლონეთს შორის მოლაპარაკებები უნდა შედგეს.