პოლონეთში სმოლენსკის ავიაკატასტროფის 11 წლისთავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიება მიმდინარეობს
პოლონეთში სმოლენსკის ავიაკატასტროფის 11 წლისთავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიება მიმდინარეობს

პოლონეთში სმოლენსკის ავიაკატასტროფის 11 წლისთავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიება მიმდინარეობს. ოფიციალური ღონისძიებები დედაქალაქ ვარშავასთან ერთად ქალაქ კრაკოვშიც იმართება.

დილით ადრე, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პატივი მიაგო დაღუპულებს კრაკოვში, ვაველის სამეფო ციხის ტაძარში, სადაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია არიან დაკრძალული. ამავე დროს, ვარშავაში ჩატარდა პანაშვიდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გარდაცვლილი პრეზიდენტის ტყუპმა ძმამ, პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონის და სამართლიანობის” ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ. ამის შემდეგ მან, რიგი მაღალჩინოსნების თანხლებით, გვირგვინით შეამკო პილსუდსკის მოედანზე სმოლენსკის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ძეგლი.

მოგვიანებით, აღნიშნულ მონუმენტს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეამკობს გვირგვინით. პოლონეთის ხელისუფლება ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების ვერსიებს განიხილავს, მათ შორისაა რუსული საჰაერო მიმოსვლის მაკონტროლებლების განზრახ მოქმედებები და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ თვითმფრინავში ფარულად შეიტანეს. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ამ ჰიპოთეზებს კატეგორიულად უარყოფს. პოლონეთის „ტუ-154“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ტრაგედიას 96 ადამიანი მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, ცნობილი პოლიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.