პოლონეთში შტორმს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
პოლონეთში შტორმს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ევროპას შტორმი „ავრორა“ დაატყდა თავს. შტორმმა პრობლემები შექმნა გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში.

პოლონეთში, კერძოდ, ქვემო სილეზიის რეგიონში სტიქიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც მანქანა ქარმა გზიდან გადააგდო, კიდევ ერთი მშენებელი ემსხვერპლა სტიქიის შედეგად კედლის ჩამონგრევას, ორი კი ქალაქ ვროცლავში მანქანაზე ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

საფრანგეთში 250 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი; გერმანიაში შტორმმა სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა; ნიდერლანდების სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბაენდრეხტში კი ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა.