პოლონეთში სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეროვნულ ნიადაგზე საჯარო შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად

19:01, 29.07.2026

პოლონეთში სამართალდამცველებმა ვარშავასთან ახლოს მცხოვრები 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეროვნულ ნიადაგზე საჯარო შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკრაინელ მეზობლებს რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყენებდა უცენზურო ლექსიკას და სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს მათი ეროვნების გამო.

ერთ-ერთი ინციდენტისას უკრაინის 25 წლის მოქალაქე იძულებული გახდა, თავის დასაცავად საკუთარ ავტომობილში დამალულიყო. როგორც მედია წერს, დაზარალებულმა მომხდარი ტელეფონით გადაიღო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 63 წლის მამაკაცს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ პოლონეთში უკრაინელ წყვილზე თავდასხმას, ვროცლავის სასამართლომ ბრალდებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის უკრაინელ ქალსა და 21 წლის უკრაინელ მამაკაცს რამდენიმე პოლონელი მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მათი უკრაინული აქცენტი გაიგონეს. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, კიდევ ერთი სავარაუდო თავდამსხმელი ამ დრომდე იძებნება.

პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა თავდასხმასა და ეროვნული ნიშნით მოტივირებულ ძალადობაში. გარდა ამისა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვისაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს იყო კონფლიქტი, რომელსაც ეროვნებასთან კავშირი არ ჰქონია.

მსგავსი