პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვითარება დაიძაბა, კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი გააუქმა და ვარშავაში ბრუნდება
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული ვითარების გამო, სენეგალში ვიზიტი გააუქმა და ვარშავაში ბრუნდება. როგორც პოლონური მედია წერს, მიზეზი საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის ცვლილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გადააყენეს საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართოლომეო სოხანსკი, თუმცა, სოციალურ ქსელ „იქსზე“ უწყების გვერდზე მითითებულია, რომ ვებგვერდის “მიტაცება განხორციელდა” და რომ ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაბრუნებისთანავე კაროლ ნავროცკი უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარეს, ზბიგნევ კაპნსკის შეხვდება.
ამჟამად კი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს. მათ შორისაა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკიც. აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის კარი შეამტვრიეს და სასამართლოს შენობაში შესვლას ცდილობენ. თუმცა, ამის შესაძლებლობას მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. შენობაში არ უშვებენ არც ადგილზე მისულ ბოგდან სვეჩკოვსკის, რომელიც ამბობს, რომ ადგილზე პრეზიდენტთან ერთად დაბრუნდება.
ამავდროულად, იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა განაცხადა, რომ მან საკონსტიტუციო ტრიბუნალში ხუთი განცხადება შეიტანა სვეჩკოვსკისა და მისი მოადგილისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.
დონალდ ტუსკის მთავრობამ სასამართლოს რეფორმირება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა სცადა, თუმცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ დანიშნული ექვსი მოსამართლიდან სამის ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ბოგდან შვეჩკოვსკიმ უარი თქვა, ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს დაეწყოთ მოვალეობის შესრულება.