პოლონეთში ქართული ღვინო წარადგინეს
პოლონეთში ქართული ღვინო წარადგინეს

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანია „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინო წარადგინეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომელიეები, რესტორატორები, ღვინის სფეროს მწერლები და მედიის წარმომადგენლები კრაკოვიდან და კატოვიცედან.

„დეგუსტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის იმ მცირე მარნების ათამდე დასახელების ღვინო, რომელთა ექსპორტი დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.

კრაკოვში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ჟურნალისტი მარიუს კაპჩინსკი და კომპანია „მალინოვას“ ხელმძღვანელი მარჩინ სვიატკოვსი უძღვებიდნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ღვინის რეალიზაცია 60-მდე კომპანიამ განახორციელა და ექსპორტირებული იყო ხუთ მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2.2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11 პროცენტი). ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.