პოლონეთში ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
პოლონეთში ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8000- წლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფილმის ჩვენებაზე მიწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის სპეციალისტი, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა ქვევრის სხვადასხვა ღვინის დეგუსტაცია.

ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“ რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი. ფილმის ხანგრძლივობა 78 წუთია და მისი პრემიერა გასულ წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ამავე ფილმის ჩვენება ნოემბერში საერთაშორისო გამოფენა EnoExpo-ს ფარგლებშიც გაიმართა და პროფესიონალების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა.