პოლონეთში ონლაინ-თაღლითების მთავარი სამიზნე არა ხანდაზმულები, არამედ ახალგაზრდები არიან

11:32, 19.08.2026
„პოლონეთის რადიოს" ილუსტრაცია

„პოლონეთის რადიოს" ილუსტრაცია

ახალი კვლევის თანახმად, პოლონეთში კიბერდანაშაულის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-34 წლის ახალგაზრდები ხდებიან. მიზეზი ისაა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში თავს ზედმეტად თავდაჯერებულად გრძნობენ და სახელმწიფო უწყებების სახელით გამოგზავნილ ყალბ შეტყობინებებს უფრო ადვილად ენდობიან.

ChronPESEL.pl-ისა და „ვალების ეროვნული რეესტრის“ გამოკითხვით ირკვევა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ჩვიდმეტმა პროცენტმა ფული ისეთ თაღლითებთან დაკარგა, რომლებიც თავს საგადასახადო სამსახურის, სოციალური დაზღვევის ფონდის, ჯანდაცვის ეროვნული ფონდისა თუ „პოლონეთის ფოსტის“ წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ამავე ასაკის რესპონდენტების თითქმის ნახევარს (43%) ბოლო პერიოდში მსგავსი შინაარსის ყალბი შეტყობინება ან სატელეფონო ზარი მიუღია.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ვითარება ირონიულია: ახალგაზრდებს კიბერთაღლითობა მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა ჰგონიათ, მაშინ როცა სტატისტიკა სრულიად საპირისპიროს აჩვენებს.

„ახალგაზრდები საკუთარ ციფრულ უნარებს ზედმეტად ენდობიან, ეს კი მათ სიფხიზლეს ადუნებს“, — აცხადებს ChronPESEL.pl-ის ექსპერტი, ბარტლომეი დროზდი.

თაღლითური სქემები ხელოვნური აურზაურისა და განგაშის შექმნას ეფუძნება, მსხვერპლს გადაუხდელ ჯარიმებზე, გამოგონილ დავალიანებებსა თუ დაუკმაყოფილებელ სახელმწიფო მოთხოვნების შესახებ აფრთხილებენ. ბევრი ასეთი შეტყობინება „სპუფინგის“ (spoofing) ტექნოლოგიით იგზავნება, რაც დამნაშავეებს საშუალებას აძლევს, სატელეფონო ნომერი ან ელფოსტის მისამართი ისე შენიღბონ, თითქოს ზარი თუ წერილი ოფიციალური უწყებიდან შედის. ეს ტექსტს ცრუ სანდოობას სძენს.

ზარალი ხშირად ერთი ტრანზაქციით არ სრულდება. თუ მსხვერპლი თაღლითებს საბანკო მონაცემებს ან პირადობის მოწმობის ასლს გადასცემს, დამნაშავეებმა, შესაძლოა, მის სახელზე არასაბანკო ორგანიზაციებიდან სესხებიც კი აიღონ.

დროზდი მოსახლეობას აფრთხილებს: გამოიჩინეთ სიფრთხილე შეტყობინებების მიმართ, რომლებიც შეიცავს მუქარას ან თანხის სწრაფი დაბრუნების საეჭვო დაპირებებს.

„შეტყობინებები, რომლებიც ადრესატს აჩქარებს, სავალალო შედეგებით ემუქრება ან თანხის სწრაფად დაბრუნებას ჰპირდება, განსაკუთრებულ ეჭვს უნდა იწვევდეს“, — აღნიშნავს ის.

ექსპერტები საზოგადოებას ურჩევენ, არ გადავიდნენ უცნობ ბმულებზე და არ ჩამოტვირთონ საეჭვო ფაილები. ნებისმიერი ინფორმაცია უშუალოდ შესაბამისი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ან ცხელ ხაზზე უნდა გადამოწმდეს. ხოლო მათ, ვისაც კონფიდენციალური მონაცემები უკვე გაზიარებული აქვს, სპეციალისტები ურჩევენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ბანკს ანგარიშებისა და ბარათების დასაბლოკად და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობონ.

სტატიის ავტორია „პოლონეთის რადიო” (PR). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 აგვისტო, 2026, 16:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი