პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს
პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს

პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები და აკვაპარკები. შესაბამისი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.

„მთავარი რეკომენდაციაა დარჩით სახლში. თუ შეგიძლიათ იმუშავეთ სახლიდან“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ.

ახალი წესების მიხედვით, ე.წ. ყვითელ ზონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე ერთდროულად მხოლოდ 20 ადამიანის შეკრებაა დაშვებული. ამასთან, მსგავს შეკრებებზე ცეკვა აკრძალული იქნება. რესტორნები საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებენ, სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელი ვერ დაესწრება.

„წითელ ზონაში“ კი, რომელიც ვარშავასაც მოიცავს, მხოლოდ ათი კაცის ერთად შეკრება იქნება ნებადართული. საჯარო სკოლებში უფროსკლასელები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ.

პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 149 903 შემთხვევაა აღრიცხული. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 8 099 ახალი ინფიცირებული. სულ „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 3 038 პაციენტი.