პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
უსაფრთხოების საკითხებში მინისტრის, ტომაშ სიემონიაკის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებს ბრალად ედებათ სამხედრო პერსონალისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვება უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ.
პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, დაკავებულები 32 და 34 წლის პირები არიან და ქალაქ კატოვიცეში დააკავეს.
სააგენტომ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ეჭვმიტანილები უცხოური დაზვერვისთვის ასრულებდნენ დავალებებს, მათ შორის პოლონეთის სამხედრო პოტენციალთან დაკავშირებით.
პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ამ მომსახურებისთვის ანაზღაურებას იღებდნენ.
სასამართლომ ეჭვმიტანილებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.