პოლონეთში გაშიფრეს დანაშაულებრივი სქემა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურად დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა
პოლონეთში გაშიფრეს დანაშაულებრივი სქემა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურად დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა

პოლონეთის გამოძიების ცენტრალური ბიუროსა და სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს პოლონეთსა და ევროკავშირში ლეგალურად დარჩენის საშუალებას აძლევდა.

ოპერაციის შედეგად დააკავეს 24 ადამიანი, მათ შორის არის პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2024 წლებში აღნიშნული ჯგუფის წევრები გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით იღებდნენ პოლონეთში ბინადრობის უფლებებს.

როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ამ სქემით, სავარაუდოდ, 1,5 ათასმა უცხოელმა ისარგებლა, მათ შორის უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, საქართველოს, თურქეთისა და აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეებმა.

როგორც ირკვევა, პოლონეთში ბინადრობის უფლების მისაღებად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელებს 3-დან 5 ათასამდე ზლოტის ოდენობით თანხას სთხოვდნენ.

„საერთაშორისო თანამშრომლობით, კერძოდ, ევროპოლის დამსახურებით, დადგინდა, რომ, სულ მცირე, 20 უცხოელმა მოახდინა პოლონეთში თავიანთი ყოფნის უკანონო ლეგალიზაცია, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში ჩადიოდნენ დანაშაულებს, ხშირად მოქმედებდნენ ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფების ფარგლებში“, – განაცხადეს პოლონეთის გამოძიების ცენტრალურ ბიუროში.