პოლონეთში ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სამი წლით პატიმრობა ემუქრება
პოლონეთში ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სამი წლით პატიმრობა ემუქრება

პოლონეთში ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტ იაკუბ ჟულჩიკს ქვეყნის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სამი წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მწერალმა პრეზიდენტი „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადების გამო „დებილად“ მოიხსენია. საუბარია ანჯეი დუდას მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტზე, სადაც დუდა წერს: „ვულოცავ ჯო ბაიდენს წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიას. ვიდრე საარჩევნო კოლეგიის მიერ ნომინაციას ველოდებით, პოლონეთი მიმართულია უმაღლეს დონესა და უმაღლესი ხარისხით პოლონეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებაზე, კიდევ უფრო მტკიცე ალიანსისთვის“.

პოლონეთის პრეზიდენტის ამ მილოცვას იაკუბ ჟულჩიკი „ფეისბუქში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანჯეი დუდამ აშშ-ის საარჩევნო სისტემის გაგება ვერ შეძლო. მწერლის თქმით, ის სწავლობდა აშშ-ის პოლიტიკას და არასდროს სმენია „საარჩევნო კოლეგიის ნომინაციაზე“.

„ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია, ანჯეი დუდა დებილი“, – დაწერა ჟულჩიკმა „ფეისბუქში“.

აღნიშნული პოსტი პროკურატურამ შეურაცხმყოფლად და დაუშვებლად მიიჩნია, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში სახელმწიფო ლიდერებისა და რელიგიის შეურაცხყოფა დასჯადია.