პოლონეთში, ჩრდილოეთ ევროპის 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოებისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრეს

23:44, 22.05.2023

პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოში ჩრდილოეთ ევროპის 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოებისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ შეაფასა და თქვა, რომ მთავარი თემა ჩრდილოეთ ევროპის თორმეტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების კოორდინირება იყო. მან ასევე ხაზი გაუსვა კარგ თანამშრომლობას ბრიტანეთთან და შვედეთთან, რომელიც ბალტიის ზღვაზე პოლონეთის მეზობელია და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა იზიარებს ერთნაირ შეხედულებებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვეძებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.

​შეხვედრაზე ასევე განიხილეს ივლისში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების საკითხები. „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, სამიტზე შეაფასებენ ალიანსში უკრაინის წევრობის პერსპექტივას.

პოლონეთში გამართულ შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა ფინეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა.

მსგავსი