პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე ვაშინგტონი კონკრეტულ გადაწყვეტილებას 2019 წლის მარტში მიიღებს
პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე ვაშინგტონი კონკრეტულ გადაწყვეტილებას 2019 წლის მარტში მიიღებს

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი კონკრეტულ გადაწყვეტილებას 2019 წლის მარტში მიიღებს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, პენტაგონი ვალდებული იქნება, წარუდგინოს კონგრესს რეკომენდაციები აღნიშნულ საქმეზე“, – განაცხადა ბლაშაკმა.

როგორც პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ჯეიმს მეტისმა მას განუცხადა, რომ პენტაგონი პოლონეთში მუდმივი ამერიკული ბაზის შესახებ პოლონური მხარის წინადადებაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მორიგი შეხვედრა ოქტომბერში ან ნოემბერში ვაშინგტონში შედგება.

მისი ინფორმაციით, პენტაგონისა და პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფმა აღნიშნულ შეთავაზებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

პოლონეთში მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ვაშინგტონში ვიზიტისას მიმართა.