პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მიგრანტების ორმა ჯგუფმა სცადა
პოლონეთის პოლიციის განცხადებით, ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მიგრანტებისგან შემდგარმა ორმა დიდმა ჯგუფმა სცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთი ინციდენტი მოხდა პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის კუზნიცა-ბიალსტოკას მონაკვეთზე. სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ბელარუსი მესაზღვრეების ზემოქმედების შედეგად, 35 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა. ჯგუფი უმეტესად ბავშვებისგან და ქალებისგან შედგებოდა. მეორე ინციდენტი პოლოვცესთან მოხდა, სადაც საზღვრის გადაკვეთა 100 მიგრანტისგან შემდგარმა ჯგუფმა სცადა, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ მათი შეკავება მოახერხა.
საზღვარზე მომხდარ ინციდენტებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა და მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა მათი სამსახურისთვის და პოლონეთის უსაფრთხოების დაცვისთვის. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს და დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება. ბელარუსის მთავრობა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გააფრთხილეს, რომ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
თავის მხრივ, ბელარუსს მხარდაჭერას უცხადებს რუსეთი, ევროკავშირს ბრალდებებს კი, „მაზოხისტურ მიდრეკილებებს“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ატომური შესაძლებლობების მქონე ორმა რუსულმა ბომბდამშენმა სასწავლო ფრენა განახორციელა.