პოლონეთში 26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს
პოლონეთში 26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს

პოლონეთში 26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს.

შესაბამისი კანონი პოლონეთის ხელისუფლებამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე მიიღო და ის ძალაში აგვისტოდან შევა.

პოლონეთის მმართველ პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრებს იმედი აქვთ, რომ ახალი კანონი ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემას მოხსნის და არალეგალურ შრომას აღმოფხვრის. ასაკის გარდა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების კიდევ ერთი წინაპირობა ახალგაზრდის ხელფასია და ის წელიწადში 20 ათას ევროს არ უნდა აღემატებოდეს. კანონი არ ვრცელდება კომპანიების დამფუძნებლებზე.

როგორც პოლონეთის მთავრობა ვარაუდობს, ახალი კანონი 2 მილიონ ადამიანს შეეხება. ექსპერტების ნაწილს იმედი აქვთ, რომ ეს კანონი პოლონეთში უკრაინელ ახალგაზრდებსაც მიიზიდავს, რაც თავის მხრივ პოლონეთში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს შეამცირებს.

პოლონეთის ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მთავრობა სოციალური პროგრამების გაფართოების გზით მთავრობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლეთა გულის მოგებას ცდილობს. საგადასახადო შეღავათის გარდა, პოლონეთის მთავრობის ინიციატივით, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებამდე გაიზრდება პენსია და ბავშვების სოციალური დახმარება.