პოლონეთმა გერმანიასა და ლიეტუვასთან საზღვარზე მზარდ არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად დროებით კონტროლი აღადგინა
პოლონეთმა გერმანიასა და ლიეტუვასთან საზღვარზე მზარდ არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად დროებით კონტროლი აღადგინა.
სასაზღვრო კონტროლი აღადგინეს ასევე ნიდერლანდებმა, ბელგიამ და გერმანიამ.
„ყველაფერი ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. მოძრაობა შეუფერხებლად გრძელდება. 800 პოლიციელი, ჟანდარმერიის 200 სამხედრო, ტერიტორიული არმიის 500 სამხედრო, ყველა სამსახური სრულ მზადყოფნაშია“, – განაცხადა TVN24-თან პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა საზღვარზე შემოწმებების აღდგენისას.
პოლონეთში მიგრაციის საკითხზე დისკუსია ბოლო კვირებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა პოლონეთის დასავლეთ საზღვარზე მოხალისეთა ჯგუფების პატრულირება მას შემდეგ წამოიწყეს, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის ხელისუფლება უსაბუთო მიგრანტებს უკან, საზღვარზე გზავნიდა. სამოქალაქო პატრულირებასთან დაკავშირებით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვარზე შემოწმების უფლება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებს აქვთ.
მოგვიანებით პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ოთხი მიგრანტის, სავარაუდოდ, ავღანელის, ლიეტუვიდან პოლონეთის საზღვარზე არალეგალურად გადაყვანისთვის დაკავებულია ესტონეთის მოქალაქე.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ივნისში პოლონეთის ქალაქ ტორუნში ვენესუელის მოქალაქემ 24 წლის ქალი მოკლა. გასულ კვირას მომხდართან დაკავშირებით ნაციონალისტი აქტივისტების მიერ ორგანიზებული მსვლელობა გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ასევე გასულ კვირას გარდაიცვალა პოლონელი მამაკაცი, რომელიც ჩხუბის დროს დანით დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პოლონელი და 10 კოლუმბიელი.