პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა
პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამხედროების რაოდენობა გაორმაგდა და ექვსი ათას ჯარისკაცს შეადგენს.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხედროები სასაზღვრო ძალებთან ერთად იმორიგევებენ და ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარს, რათა არ მოხდეს ბელარუსის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონელმა მესაზღვრეებმა საბუთების არმქონე მიგრანტების მხრიდან საზღვრის ძალისმიერი შტურმით გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს. გარდა ამისა, ყოველდღიურად ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო გადმოკვეთის 500-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.

პოლონეთი არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.