პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ანჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ დიალოგი სოციალური განვითარების ხელშეწყობისა და რეფორმებისა და პოლიტიკის განხილვის საუკეთესო გზაა“,-აღნიშნულია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში.

ანჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ბელარუსისთვის მომგებიანად მიაჩნიათ და სურთ, რომ ამ თანამშრომლობისთვის კარი ღია დარჩეს, თავად ბელარუსმა კი ერთიან ევროპულ ოჯახთან ურთიერთობების გაძლიერება გააგრძელოს.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები.