პოლონეთის ზედა პალატის მიერ დამტკიცებული შესწორებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მმართველი პარტია წარადგენს 
პოლონეთის ზედა პალატის მიერ დამტკიცებული შესწორებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მმართველი პარტია წარადგენს 

პოლონეთის ზედა პალატამ კანონში შესწორება დაამტკიცა, რომელიც მმართველ პარტიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის საშუალებას აძლევს. დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ევროკავშირი ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები და ოპოზიციური ძალები ქვეყნის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. თუმცა, მმართველ „სამართალი და სამართლიანობის” პარტიაში აცხადებენ, რომ შესწორება სასამართლოების ეფექტურობის გაძლიერებისა და კომუნისტური წარსულის გავლენის აღმოფხვრისთვისაა საჭირო. ვარშავის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს 22 მოსამართლე ცოტა ხნის წინ იძულებული გახდა, ვადამდე გადამდგარიყო. თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მალგორზატა გერსდორფმა თანამდებობიდან წასვლაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 2020 წლისთვის ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია პოლონეთში კანონის უზენაესობის დარღვევის შესახებ უპრეცედენტო გამოძიებას აწარმოებს. პოლონეთის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია კანონდარღვევას დაადგენს, ვარშავა მილიარდობით ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.