პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი - ახალმა სასამართლო რეფორმამ ქვეყანა შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი - ახალმა სასამართლო რეფორმამ ქვეყანა შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს

პოლონეთის ახალმა სასამართლო რეფორმამ ქვეყანა შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალესამ რეფორმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვესმის ერთმანეთის. თუ თქვენ აქციების გამართვას მომავალშიც განაგრძობთ, მეც თქვენ გვერდით ვიქნები. ვითარება რთულდება, როდესაც ისინი ჩვენს სასამართლოს ანადგურებენ და ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს“, – ამ სიტყვებით მიმართა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ლეხ ვალესამ დემონსტრაციაზე აქტივისტებს.

ახალი სასამართლო რეფორმის თანახმად, მოსამართლეს, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა, უზენაესი სასამართლოს დატოვება მოუწევს. ასეთი მოსამართლეების რაოდენობა კი მთლიანი მაჩვენებლის 40 პროცენტს შეადგენს.

ახალ კანონს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

მის გასაპროტესტებლად ვარშავაში უზენაესი სასამართლოს შენობის წინ დღეს მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

ლეხ ვალესა სპეციალურად მანიფესტაციაზე დასასწრებად ქალაქ გდანსკიდან ვარშავაში ჩავიდა.

შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა პოლონეთის ევროპისგან იზოლირებაც გამოიწვია. დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი ახალ სასამართლო რეფორმას აკრიტიკებს, ევროკავშირმა კი აღნიშნული საკითხის გამო ოფიციალური ვარშავის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.