პოლონეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ქვეყნის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს „რუსეთის აგენტები“ უწოდა, ბრალი წარუდგინეს
პოლონეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ანტონ მაცერევიჩს, რომელმაც ქვეყნის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს „რუსეთის აგენტები“ უწოდა, ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
ანტონ მაცერევიჩი ამჟამად პოლონეთის სეიმის დეპუტატია. 2025 წლის 11 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს „რუსეთის აგენტები“ უწოდა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
საქმის გამომძიებლების განცხადებით, მაცერევიჩმა ამ სიტყვებით თანამდებობის პირებისადმი შეარყია ნდობა, რაც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. ამასთან, გამომძიებლების მტკიცებით, ამ სიტყვებით, შესაძლოა, საზოგადოებაში აღნიშნული პირების რეპუტაცია შელახულიყო.
ანტონ მაცერევიჩს ბრალი ედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის პირველი პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა ვარშავის რეგიონული პროკურატურის პრესსპიკერმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმმა მაცერევიჩს დეპუტატის იმუნიტეტი 30 აპრილს მოუხსნა.