პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ დაწერა.

„ამერიკული იარაღის ტრანსპორტირება იასიონკას სამხედრო ჰაბიდან უკრაინაში კვლავ განახლდა“, – დაწერა მან.

იასიონკაში მდებარეობს პოლონეთიდან უკრაინისთვის დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების მთავარი პუნქტი.

მანამდე ამერიკული სამხედრო დახმარების აღდგენა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ. მისი თქმით, აშშ-ისგან უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღდგენილია. ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აღდგენილია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც.

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად აღუდგინა.

დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ 3 მარტს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეკამათება მოხდა.