პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის მიწოდება შეაჩერეს

09:52, 22.10.2026

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის მიწოდება შეაჩერეს.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დახმარების სავარაუდო შეჩერების მიზეზი ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოცხადდა.

„ეს ყალბი ინფორმაციაა“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იანუშ სეიმეიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ბოსაცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პოლონეთის მხარე დაარწმუნეს, რომ დადგენილება ძალაში არ შევა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ლვოვის ოლქის ხელისუფლების ვებგვერდიდან წაშალეს.

ცნობისთვის, ლვოვის რეგიონულმა საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება რეგიონულ დონეზე მიიღეს დიპლომატებთან ან ცენტრალური მთავრობის ორგანოებთან კონსულტაციის გარეშე.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია.

ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის ავტორს, ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატს, სვიატოსლავ შერემეტას შენგენის ზონაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს.

მსგავსი