პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე თვეში სამხედრო მომზადების ახალ პროგრამას იწყებს
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე თვეში სამხედრო მომზადების ახალ პროგრამას იწყებს.
უწყების ცნობით, ეს არის 2026 წელს 400 ათასი ადამიანის სამხედრო მომზადების ფართო გეგმის ნაწილი.
როგორც თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, ეს არის პოლონეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწვალება. პროგრამა სახელწოდებით „მზადყოფნაში“ ნებაყოფლობითი იქნება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, სკოლის მოსწავლეების და ხანდაზმულების ჩათვლით. პროგრამა მოიცავს უსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, სამედიცინო მომზადებას, კიბერუსაფრთხოების გაკვეთილებს.
„მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში მოვამზადებთ დაახლოებით 20 ათას ადამიანს ინდივიდუალური მომზადების ფარგლებში, თუმცა საერთო რაოდენობა მომზადების ყველა ფორმის გათვალისწინებით დაახლოებით 100 ათასი ადამიანი იქნება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა.
სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მომზადებას როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებად პროგრამის „სწავლება არმიასთან“ ფარგლებში.
პოლონეთის გენშტაბის უფროსი ვესლავ კუკულა ამბობს, რომ აღნიშნულ ინიციატივას აქვს ორი ძირითადი მიზანი – მოქალაქეების მედეგობის გაძლიერება და რეზერვის ხელმისაწვდომობის, მომზადების და შესაძლებლობების გაძლიერება.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე პოლონეთი თავდაცვის ხარჯებით ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.