პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები შეავსონ

17:32, 13.07.2026

პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის უკრაინელები უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები შეავსონ“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

კოსინიაკ-კამიშმა ასევე მოუწოდა, უკრაინაში დაბრუნდნენ ლტოლვილები, რომლებიც, მისი თქმით, „ძვირად ღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან“.

ცნობისთვის, მანამდე პოლონური გამოცემა Rzeczpospolita წერდა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობას ასრულებს. გამოცემის ცნობით, ცვლილებები ყველაზე მეტად უკრაინის მოქალაქეებს შეეხებათ, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ პოლონეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს.

პროექტი ოთხ ძირითად ცვლილებას ეფუძნება. პირველი ცვლილება პოლონეთში ცხოვრების აუცილებელი ვადის რვა წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, თუმცა ჯერ უცნობია, ჩაითვლება თუ არა ამ ვადაში დროებითი დაცვის სტატუსით ქვეყანაში ყოფნის პერიოდი.

გარდა ამისა, შემოღებული იქნება ნატურალიზაციის ტესტი, რომელიც დანიურ მოდელს დაეფუძნება და პოლონური ენის B2-ის დონის ცოდნას მოითხოვს.

პროცედურის დასასრულს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე მოუწევს „ერთგულების დეკლარაციაზე“ ხელის მოწერა. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ეს მექანიზმი იმ პირების მიმართ ზემოქმედების ბერკეტად იქნება გამოყენებული, რომლებიც შესაძლოა, პოლონეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

მსგავსი