პოლონეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას თუ მისცემს, შესაძლოა, 40-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოაცხადოს
პოლონეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას თუ მისცემს, შესაძლოა, 40-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოაცხადოს

პოლონეთის სპორტის მინისტრის, კამილ ბორტნიჩუკის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას თუ მისცემს, მაშინ, შესაძლოა, 40-მა ქვეყანამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა, სრულიად შესაძლებელია, შეიქმნას დაახლოებით 40 ქვეყნის კოალიცია, რომლებიც 2024 წლის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ. პოლონელი მაღალჩინოსნის თქმით, ამ კოალიციაში შეიძლება შევიდნენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა.

პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს საფრანგეთში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ დაშვებას.

როგორც მედია წერს, ოლიმპიური კომიტეტის გეგმას აპროტესტებს უკრაინა და პარიზის ოლიმპიადის ბოიკოტით იმუქრება. კიევს სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.