პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფერმერებს აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები, შეიზღუდოს საქონლის გადაჭარბებული შემოსვლა უკრაინიდან, რაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფერმერებს აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები, შეიზღუდოს საქონლის გადაჭარბებული შემოსვლა უკრაინიდან, რაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჩესლავ სეკიერსკის განცხადებით, უკრაინიდან საქონლის იმპორტის წინააღმდეგ პოლონელი ფერმერების პროტესტი გამართლებულია.

„ფერმერებს აქვთ ლეგიტიმური შეშფოთება, მოთხოვნები, შეიზღუდოს საქონლის გადაჭარბებული შემოდინება უკრაინიდან, ისევე როგორც სხვა არაევროპული ბაზრებიდან ევროკავშირში, კერძოდ, პოლონეთში“, – განაცხადა სეკიერსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტით ყველაზე მეტად პოლონელი ფერმერები დაზარალდნენ.

„ეს უნდა ყოფილიყო უკრაინის დახმარების ფორმა. ჩვენ გვესმის დახმარების საჭიროების, პოლონელებმა ბევრი დახმარება გაუწიეს და ეს მთელი გულით გააკეთეს. ვაწარმოებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინასთან იმის თაობაზე, რომ გვსურს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ მოცულობები, თუ გარკვეული პროდუქტი დიდი რაოდენობით შემოვა, იქნება დაბლოკვა“, – განაცხადა სეკიერსკიმ.

როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული პროდუქტის იმპორტის სრული დაბლოკვა იქნება საჭირო, ისევე როგორც მარცვლეულის შემთხვევაში.

„ალბათ ეს საჭირო იქნება შაქართან, ხორცთან დაკავშირებით – ჩვენ ამას ვაანალიზებთ. ევროკომისიას წარვუდგენთ წინადადებებს, მაგრამ ასევე გვინდა ამ წინადადებების განხილვა უკრაინასთან. აუცილებლად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რადგან სამართლიანობა არის ფერმერებისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს მხარეს, რომელიც ფერმერების პოზიციას იზიარებს“,  – აღნიშნა სეკიერსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი გამშვები პუნქტის, მედიკა-შეგინის დაბლოკვა დაიწყეს.