პოლონეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბელარუსთან საზღვრის დასაცავად ქვეყანა დამატებით 500 პოლიციელს გაგზავნის

15:36, 02.07.2023

პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის დასაცავად დამატებით 500 პოლიციელს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი ავრცელებს.

„ბელარუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი ძალების გაძლიერება 500 ოფიცრის ჯგუფით პრევენციული და კონტრტერორისტული დანაყოფებიდან. ისინი შეუერთდებიან 5 000 მესაზღვრესა და 2 000 ჯარისკაცს, რომლებიც იცავენ საზღვარს“, – წერს კამინსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პოლონეთის ოფიციალური პირების ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 187-მა ადამიანმა სცადა. პოლონეთის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, საზღვრების გაძლიერება აუცილებელია „ვაგნერის” მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამოც.

მსგავსი