პოლონეთის სენატის მარშალი - საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წამყვანი სახელმწიფოა
პოლონეთის სენატის მარშალი - საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წამყვანი სახელმწიფოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც, მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატის მარშალს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ პოლონეთის ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც 10 წლის წინ პოლონეთის თანაავტორობით დაფუძნდა.

სტანისლავ კარჩევსკის შეფასებით, საქართველო აღნიშნული ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სენატის მარშალმა დაადასტურა, რომ ივლისში დაგეგმილ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი. სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება „საქართველოს ელჩი“ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა პოლონეთის სენატის მარშალს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერებით აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად იყენებს ყველა შესაძლო პლატფორმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და მხარდამჭერი გზავნილების დასაფიქსირებლად.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ახლად ჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სიმბოლურია, რომ პოლონეთის სენატის თავმჯდომარის ვიზიტი ემთხვევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ეს არის ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად იყო გაჟღერებული პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 10 წლის წინ და მას შემდეგ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არის განსაკუთრებით ძლიერი და მკაფიო, რაც დასტურდება პოლონეთის მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა შეხვედრის შეფასებისას დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაზი გაუსვა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება, როგორც ცალკეულ რეზოლუციებისა და განცხადებების, ასევე ახლად ჩამოყალიბებული ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის სახით.

საგარეო უწყების ცნობით, ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს „ცირკულარული მიგრაციის“ სფეროში მიმდინარე საპილოტე პროექტს და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლად ჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის სენატის მარშალმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

სტანისლავ კარჩევსკიმ ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. ის ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.