პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოსამართლეთა საერთო კრებამ მხარი დაუჭირა

23:41, 18.11.2026

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეთა საერთო კრებამ თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკის და მისი მოადგილის, ბარტოლომეი სოხანსკის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

კრება ორივე მოსამართლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დაეთანხმა, თუმცა შვენჩკოვსკის დაკავებაზე ან წინასწარ პატიმრობაზე თანხმობა არ განუცხადებია. ის თავისუფალი იქნება, ვიდრე საქმე სასამართლოში განიხილება.

შვენჩკოვსკის წინააღმდეგ ოთხი დადგენილება მიიღეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პროკურატურის თანამშრომელთა შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა და პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა.

კიდევ ერთი საქმე ადვოკატის საიდუმლოებით დაცულ ინფორმაციაზე შესაძლო უკანონო წვდომას ეხება. პროკურატურის ცნობით, ის „პეგასუსის“ სათვალთვალო სისტემის გამოძიებას უკავშირდება. ბოლო ბრალდება 14 ოქტომბრის ინციდენტია, ბრალდების მიხედვით, შვენჩკოვსკი ტრიბუნალის შენობაში მოსამართლე მაციეი ბერეკს ფიზიკურად გაუსწორდა. შვენჩკოვსკი თანამდებობას ჩამოაშორეს და ხელფასი 50%-ით შეუმცირეს.

სოხანსკის ბრალად ედება მოვალეობის შეუსრულებლობა: ის პარლამენტის მიერ არჩეულ მოსამართლეებს საქმეების განხილვაში ხელს უშლიდა და თანამშრომლების უფლებებს სისტემურად არღვევდა. ისიც თანამდებობას ჩამოაშორეს და ხელფასი 25%-ით შეუმცირეს.

ახლა პროკურატურას შეუძლია, ორივე მოსამართლეს ბრალი წაუყენოს.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში კრიზისი გასულ თვეს დაიწყო. ერთი მხარე თვლის, რომ ტრიბუნალს პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეები უნდა ხელმძღვანელობდნენ, მეორე კი ამას უკანონოდ მიიჩნევს. 30 ოქტომბერს მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან  ჩამოშორების შესახებ განაცხადა. ამას დაპირისპირება და შენობასთან შეტაკებები მოჰყვა. 17 ნოემბერს პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ტრიბუნალის ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვები შეაჩერა.

პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეების ლეგიტიმურობას იცავს. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი კი მთავრობას ადანაშაულებს, რომ ტრიბუნალზე კონტროლი უკანონოდ აიღო.

მსგავსი