პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დაპირისპირებაა, ადგილზე მისულ კაროლ ნავროცკის პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა [ვიდეო]
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველები ადგილზე მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს დაუპირისპირდნენ.
ნავროცკის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სურს. პოლიცია კი ცდილობს, ტერიტორიაზე არ დაუშვან არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საპროტესტო აქციას მართავენ და რომელთა მხარდაჭერითაც სარგებლობს პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
შეტაკებას ჰქონდა ადგილი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც.
პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ, 30 ოქტომბერს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, შვენჩკოვსკი უარს ამბობდა მოსამართლეთა საერთო კრების მოწვევაზე, ეს მოქმედებები კი საფრთხეს უქმნიდა ტრიბუნალის ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის ბიუჯეტის მართვასა და გადასახადების გადახდას. თუმცა, უწყების სოციალურ ქსელ „იქსს“ ბოგდან შვენჩკოვსკის გუნდი აკონტროლებს, რომელთაც მალევე საპირისპირო განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ვებგვერდი უკანონოდ მიიტაცეს და რომ ბოგდან შვენჩკოვსკი კვლავ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარედ რჩებოდა, ანა კორვინ-პიოტროვსკა კი ტრიბუნალის მოსამართლე არ იყო.
ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული ბოგდან შვენჩკოვსკი სასამართლოში შეუშვეს. პარალელურად, პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა ტრიბუნალს ხუთი შუამდგომლობით მიმართა და შვენჩკოვსკისა და სოხანსკისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ტრიბუნალის ამჟამინდელ შემადგენლობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ტუსკის მთავრობამ სასამართლოს რეფორმირება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა სცადა, თუმცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ 2026 წლის მარტში დანიშნული ექვსი მოსამართლიდან სამის ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ბოგდან შვეჩკოვსკიმ უარი თქვა, ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს დაეწყოთ მოვალეობის შესრულება. ამის შემდეგ ხუთმა მოსამართლემ, მათ შორის ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ფიცი პრეზიდენტის ფიზიკური დასწრების გარეშე დადო. შვენჩკოვსკი მათ ტრიბუნალის წევრებად არ აღიარებს. შედეგად, თვეების განმავლობაში პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში ფაქტობრივად ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
https://t.co/sni7uvIVke
— Maciej Berek (@MaciejBerek) October 30, 2026