პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირის შეთანხმების ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამრიგად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას. გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, თავი მხოლოდ ორმა მოსამართლემ შეიკავა.

ვერდიქტში ნათქვამია, რომ პოლონელი მოსამართლეები არ უნდა დაეყრდნონ ევროკავშირის კანონებს, რადგან ევროკავშირის კანონი არ არის უპირატესი და ამიტომ ის არ უნდა გამოიყენონ პოლონელმა მოსამართლეებმა კოლეგების დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის კანონი ეროვნულ კანონმდებლობაზე უპირატესია, მათ შორის საკონსტიტუციო დებულებებზე“.

„ევროკავშირის სასამართლოს ყველა დადგენილება არის სავალდებულო შესასრულებელი ყველა წევრი ქვეყნის მთავრობისთვის, მათ შორის ეროვნულ სასამართლოებისთვის“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირის შეთანხმების მუხლების ეროვნულ კანონმდებლობაზე უპირატესობის კანონიერების დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ევროკავშირის შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს.

შეგახსენებთ, პოლონეთის მთავრობას და მმართველ პარტიას ევროკავშირთან რიგ საკითხებზე უთანხმოება აქვს. მათ შორის კანონის სასამართლოების, მედიის თავისუფლებისა და ლჯბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებთან დაკავშირებით.

ვარშავისა და ბრიუსელის მთავარი დავა ეხება პოლონეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ მართლმასჯულების რეფორმას. კერძოდ კი, მოსამართლეთა არჩევის წესს. ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რეფორმა ევროკავშირის კანონს არ შეესაბამება.

„ბიბისის“ ცნობით, პოლონეთს ხელისუფლების მეირ 2018 წელს მიღებული კანონით დადგენილი წესით საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური მოსამართლეებით დააკომპლექტეს, ზოგი მოსამართლე მმართველი პარტიის ყოფილი წევრია.

გასულ თვეს ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოს სთხოვა ყოველდღიური ფულადი სანქცია დაუწესოს პოლონეთს, იმის გამო, რომ მთვრობამ ვერ ჩამოართვა იუსტიციის საბჭოს უფლება, რომლითაც ამ ორგანოს შეუძლია, დააჯარიმოს სხვა მოსამართლეები მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოყენებულია მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დასასჯელად.