პოლონეთის სახელმწიფო მინისტრი - ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალზე დივერსია უფრო დიდ კატასტროფაზე იყო გათვლილი, ბრალდებული პირები პროფესიონალები იყვნენ
პოლონეთის სახელმწიფო მინისტრი და სპეცსამსახურების კოორდინატორი ტომაშ სემონიაკი აცხადებს, რომ რკინიგზაზე მომხდარი დივერსია უფრო დიდ კატასტროფაზე იყო გათვლილი. აღნიშნულის შესახებ სემონიაკმა პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დივერსიაში ბრალდებული პირები პროფესიონალები იყვნენ და არა უმნიშვნელო აგენტები, რომლებიც საღებავის საწყობების ცეცხლის წაკიდებისთვის დაიქირავეს. მან ასევე აღნიშნა, რატომ მიიღებდა რუსეთი პოლონეთზე მსგავსი დარტყმის განხორციელების გადაწყვეტილებას.
„რუსეთმა დაიწყო ფიქრი, რომ ის იმარჯვებს, რომ უკრაინა დიდ კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული, რომელიც ასუსტებს ზელენსკის და საჭიროა იმ სახელმწიფოებზე თავდასხმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას“, – განაცხადა სემონიაკმა.
მისივე თქმით, მსგავსი თავდასხმებით რუსეთი ცდილობს ევროპული ქვეყნების შეშინებას, უკრაინასთან მიმართებით მათი გადაწყვეტილებების შესუსტებას.
შეგახსენებთ, ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება 16 ნომბერს მოხდა. მომხდარი პოლონეთში დივერსიად შეაფასეს და 19 ნოემბერს ორი უკრაინელი დააკავეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან.