პოლონეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრა განზრახ ქმედება იყო, გაერო-ში რუსეთის ელჩი ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს

10:55, 13.09.2025

პოლონეთის სახელმწიფო მდივანი მარცინ ბოსაცკი აცხადებს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრა შეცდომა არ ყოფილა, არამედ განზრახ ქმედება იყო. ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომლის მოწვევაც პოლონეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც 10 სექტემბრის ღამით მისი საჰაერო სივრცის რუსული დრონებით 19-ჯერ დარღვევა დაფიქსირდა.

„მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა, თუმცა ამჯერად ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, როდესაც პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა განზრახ დაირღვა ასეთი უპრეცედენტო მასშტაბით. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეცდომა არ იყო“, – განაცხადა ბოსაცკიმ.

თავის მხრივ, გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის პოლონურ მხარესთან დიალოგსა და კონსულტაციებში ჩაერთოს მომხდარის ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიებისთვის.

„10 სექტემბრის საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო იარაღით დარტყმები, ასევე დრონებით დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე. პოლონეთის ტერიტორიაზე არ იყო მონიშნული სამიზნეები. დარტყმისას გამოყენებული დრონების მოქმედების მაქსიმალური მანძილი არ აღემატებოდა 700 კილომეტრს, რაც ფიზიკურად შეუძლებელს ხდის მათ პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. ჩვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების აშკარა უსაფუძვლობის მიუხედავად, მომხდარის ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს პროფესიონალურ დიალოგსა და კონსულტაციებში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან“, – თქვა რუსეთის ელჩმა.

მსგავსი