პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ფერმერების აქციების დროს გამოჩნდა ანტიუკრაინული ლოზუნგები, რომელთა უკან, შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ
პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ფერმერების აქციაზე, შესაძლოა, რუსი აგენტები გამოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ფერმერების აქციების დროს გამოჩნდა ანტიუკრაინული ლოზუნგები, რომელთა უკანაც, შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.
„ჩვენი შეფასებით, ანტიუკრაინული ლოზუნგები, რომლებიც ფერმერების ბლოკადის დროს გამოჩნდა, არის მცდელობა, კონტროლი მოახდინონ საპროტესტო მოძრაობაზე იმ ჯგუფებმა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის გავლენის ქვეშ არიან“, – წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ასევე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტზეც, რომ ფერმერთა საპროტესტო აქციებზე პუტინის განდიდების ბანერებიც გამოჩნდა.