პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინის სავარაუდო დაყოფისა და მისი ნაწილის პოლონეთის შემადგენლობაში გადასვლის შესახებ

13:34, 28.07.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინის სავარაუდო დაყოფისა და მისი ნაწილის პოლონეთის შემადგენლობაში გადასვლის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაჩეი ვევიურის თქმით, პუტინის ეს სპეკულაციები „მოკავშირეებს შორის დაპირისპირების პროვოცირების ცინიკური მცდელობაა“.

„პოლონეთს უკრაინის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არც ჰქონია, არც აქვს და არც ექნება. ჩვენი პოზიცია ურყევია: სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დეზინფორმაცია ვერ გადაიტანს ყურადღებას მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან“, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 26 ივლისს განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს დასავლეთით მდებარე ამ მიწებს. რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს ეკუთვნოდა, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან – შეიძლება, არა ხვალ, შეიძლება, არა ზეგ, ერთი წელი, ორი, ათი, თხუთმეტი, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება“.

მსგავსი