პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ისრაელის ელჩი იაკოვ ფინკელშტეინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ პოლონეთში ჰოლოსკოსტამდე ებრაელების წინააღმდეგ გარკვეული დისკრიმინაციული ნაბიჯები გადაიდგა.

„პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც ებრაელებს იძულებით ატარებინებდნენ განმასხვავებელ სამკერდე ნიშანს, რათა იზოლირებულიყვნენ დანარჩენი მოსახლეობისგან. 1939 წლის 23 ნოემბერს გენერალური მთავრობის გუბერნატორმა, ჰანს ფრანკმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა ათი წლის და უფროსი ასაკის ებრაელს მარჯვენა ხელზე 10 სმ სიგანის თეთრი ქსოვილის სამკლაური უნდა ეტარებინა, რომელზეც დავითის ლურჯი ვარსკვლავი იქნებოდა გამოსახული“, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ელჩის ამ განცხადებას რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დროს პოლონეთი გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული და ელჩს პოსტის ჩასწორებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ისრაელის ელჩმა ახალი პოსტი გაავრცელა და დაწერა: „როგორც ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა და ბმულზე მითითებულ სტატიაშიც ცალსახად მიუთითა, ეს გერმანიის ხელისუფლების ბრძანებით მოხდა“.

მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ, რადგან ელჩმა შესწორება თავდაპირველ პოსტში არ შეიტანა, სიკორსკიმ ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

„ვინაიდან შეცდომაში შემყვანი პოსტი არ შეცვლილა, მე გადავწყვიტე ელჩის გამოძახება“.- დაწერა მან X-ში.