პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ დაეხმარება ვარშავასა და კიევს დავის დასრულებაში
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ დაეხმარება ვარშავასა და კიევს დავის დასრულებაში

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არკადიუშ მულარჩიკმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება ვარშავასა და კიევს დავის დასრულებაში.

მულარჩიკი მიიჩნევს, რომ აშშ დაეხმარება ვარშავასა და კიევს დავის დასრულებაში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე პოლონეთის ცალმხრივ შეზღუდვებთან და უკრაინის საპასუხო ქმედებებთან.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების სამწუხარო განცხადებები დასრულდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი „აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად იქცევიან პოლონეთის მიმართ და ეს ძალიან დელიკატური სიტყვაა“.

„პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ომში უკრაინას მხარი დაუჭიროს. ჩვენ ვხედავთ პოლონეთის გვერდის ავლის მცდელობებს, როცა ვსაუბრობთ პოლონეთის გავლით ტრანზიტზე. გარკვეული ძაფები ბერლინამდე მიდის. შესაძლოა, ჩვენს ხელმძღვანელებთან არის შეთანხმებები“, – განაცხადა მულარჩიკმა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები გერმანელ პოლიტიკოსებთან, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გახშირდა.

მულარჩიკმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს უნდა ესმოდეთ, თუ მათ სურთ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ პოლონეთთან, მაშინ ეს საკითხები პოლონეთთან უნდა გადაწყვიტონ და არა – ბერლინთან.

„ჩვენ ღია ვართ ტრანზიტისთვის. მოდით, მარცვლეული წავიდეს საფრანგეთში, ბერლინში, ჰამბურგში და შემდგომ – ესპანეთში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მარცვლეული მოხვდეს პოლონეთში და მოკლას პოლონეთის სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა მულარჩიკმა.