პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პარლამენტის ეფექტიან მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა მხარის ინტერესებშია საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პარლამენტის ეფექტიან მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა მხარის ინტერესებშია საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ზბიგნევ რაუს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.

მათივე ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოში საპარლამენტო აჩევნების შემდეგ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებული უთანხმოება და ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გასვა, რომ პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროატლანტიკური დაახლოების პროცესის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისთვის, არამედ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად. მინისტრის თქმით, ყველა მხარის ინტერესებშია საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე პოლონეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური ურთიერთობების შესახებ ისუაბრეს. მინისტრმა რაუმ აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში პოლონეთის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, პოლონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.

პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, „დავით ზალკალიანმა და ზბიგნევ რაუმ ასევე განიხილეს საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების ბოლო ესკლაციისა და რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების შეყვანის შედეგად სამხრეთ კავკასიაში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში“.