პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეთანხმებაზე ხელმოწერები ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეთანხმებაზე ხელმოწერები ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს

პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში. ამიტომ, მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ბუქარესტში განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელ დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.

ზბიგნევ რაუს თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები, იდეები და შეფასებები სამყაროს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.

ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს საქართველოსთან. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში. ამიტომ, მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს. ის პოლონეთის ნამდვილი მეგობარია და მთავარი პარტნიორია რეგიონში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.